ბიოსფერული რეზერვატის შესახებ

მსოფლიოს მოსახლეობის სწრაფი ზრდა და ადამიანის საქმიანობა აჩენს გლობალურ გამოწვევებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა და ბუნებრივი რესურსების შემცირება. ჩვენი კეთილდღეობა მჭიდროდ არის დაკავშირებული გარემოსთან, ამიტომ მისი შეზღუდული რესურსები საჭიროებს გონივრულ და პასუხისმგებლიან მართვას.

სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ, 1971 წელს UNESCO-მ წამოიწყო პროგრამა – „ადამიანი და ბიოსფერო“ (MAB), რომლის ფარგლებში ჩამოყალიბდა ბიოსფერული რეზერვატების უნიკალური კონცეფცია.

დღეს ბიოსფერული რეზერვატების გლობალური ქსელი აერთიანებს 759 რეზერვატს 136 ქვეყანაში. მათი საერთო ფართობი აღემატება 7.4 მილიონ კვადრატულ კილომეტრს, სადაც დაახლოებით 275 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

 

როგორ არის მოწყობილი ბიოსფერული რეზერვატი?

ყოველი ბიოსფერული რეზერვატი იყოფა სამ ურთიერთდაკავშირებულ ზონად, რომლებიც ერთმანეთის შემავსებელია და ემსახურება როგორც ბუნების დაცვას, ისე მდგრად განვითარებას:

  • ბირთვული ზონა – ყველაზე მკაცრად დაცული ტერიტორია, სადაც დაცულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ბიომრავალფეროვნება და ეკოსისტემები. აქ ნებადართულია მხოლოდ სამეცნიერო კვლევა და მონიტორინგი.

  • ბუფერული ზონა – გარს აკრავს ბირთვულ ნაწილს და ქმნის დამცავ ბარიერს. აქ დასაშვებია მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო და მდგრადი საქმიანობები, როგორიცაა ეკოტურიზმი, სოფლის მეურნეობა, სატყეო საქმიანობა და გარემოსდაცვითი განათლება.

  • გარდამავალი ზონა – რეზერვატის ყველაზე ფართო ნაწილი, სადაც ცხოვრობს და მუშაობს მოსახლეობა. აქ მიმდინარეობს ისეთი სოციალურ-ეკონომიკური საქმიანობა, რომელიც ბუნებასთან თანხვედრაშია და ხელს უწყობს მდგრად განვითარებას.

 

სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი

UNESCO-ს მიერ 2022 წელს აღიარებული "სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი" მდებარეობს საქართველოს აღმოსავლეთით, კახეთის რეგიონში. ეს შთამბეჭდავი ტერიტორია 199,944 ჰექტარია და უნიკალური გეოგრაფიული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. რეზერვატი გადაჭიმულია ალაზნის ვაკიდან კავკასიონის ქედის მწვერვალებამდე და მოიცავს ალაზნის, თუშეთის ალაზნისა და პირიქითა ალაზნის მდინარეების წყალშემკრებს.

რეზერვატის ლანდშაფტები  ზღვის დონიდან 470-დან 4,200 მეტრამდე სიმაღლეზე მდებარეობს. მისი გარემო შექმნილია მრავალფეროვანი ტყეებით,  სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით და ურბანული ტერიტორიებით, უფრო ზემოთ კი ალპური მდელოები და უნიკალური მაღალმთის ეკოსისტემები ამშვენებს.

2022 წელს UNESCO-მ საქართველოში ორი ბიოსფერული რეზერვატი აღიარა - ერთი ახმეტისა და თელავის მუნიციპალიტეტებში (სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი) და მეორე დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (დედოფლისწყაროს ბიოსფერული რეზერვატი). მათი განსაზღვრისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცხვრის ფარების ტრადიციული გადაადგილების მარშრუტებს.  ამის მიზეზი კი თუშური მომთაბარე მეცხვარეობის შენარჩუნება და მომავალ სოციალურ თუ ეკოლოგიურ გამოწვევებზე დროულად რეაგირება იყო.

სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის არეალი  კლიმატის ცვლილების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია.  მიწის მზარდი დეგრადაცია და მეწყრები საფრთხეს უქმნის ადგილობრივ მაცხოვრებლებსა და ეკოსისტემებს. ხოლო მაღალმთიან რეგიონებში კლიმატური ცვლილებები პირდაპირ გავლენას ახდენს მყინვარებზე, მათგან მომდინარე ნაკადულებზე და რეგიონის უნიკალურ ფლორაზე.

სწორედ ამ გამოწვევებზე საპასუხოდ და რეგიონის  მდგრადი განვითარების ხელშეწყობისთვის შეიქმნა სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატი.

რეზერვატის  მთავარი მიზნებია:

  •  ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა;
  •  ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება;
  • ტრადიციული, ეკოლოგიურად თავსებადი საქმიანობების (მაგ.  მომთაბარე მეცხვარეობა) შენარჩუნება და ეკომეგობრული ინოვაციების დანერგვა;
  • მდგრადი ეკონომიკური საქმიანობის, მცირე ბიზნესისა და მომსახურების სფეროს განვითარების ხელშეწყობა;
  • საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება და მდგრადი განვითარების მისაღწევად ცოდნის გაზიარება.